პოლიტიკური შეფასებების თემაა პრეზიდენტის გეგმა მის მიერ ინიცირებული ქარტიის ფარგლებში დაასახელოს ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა.
ქარტიის ხელმომწერები იზიარებენ დოკუმენტის სულისკვეთებას, თუმცა მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ შეთანხმება არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს. ლიდერები განმარტავენ, რომ ახლა არ არის მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმის დრო. „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის გადასაწყვეტია ვის და როდის დაასახელებს, თუმცა მათი მთავარი გზავნილია, რომ აღნიშნული მთავრობა არ უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობისგან“ დაკომპლექტებული. გახარიას გუნდში კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ქარტიის ერთგული რჩებიან. განცხადებებს ეხმაურებიან ქარტიაზე ხელის არ მომწერი პარტიის, „გირჩის“ წევრებიც. ისინი სკეპტიკურად არიან განწყობილნი და განმარტავენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ოპოზიციის დაყოფას ტექნიკური მთავრობით. „ქართული ოცნების“ ლიდერები კი კვლავ კონსტიტუციის დარღვევასა და გარედან მართულ პროცესებზე ლაპარაკობენ.