„მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ, ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემა „ლე ფიგაროსთან“ ინტერვიუში თქვა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო ახლა ეგზისტენციალური არჩევანის წინაშეა. ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის. „ამის ახსნას ვცდილობ პოლიტიკურ პარტიებთან, ახლა არ არის მეტოქეობის დრო. ეს ოპოზიცია ვერ იქნება ერთიანი ახლო წარსულის გათვალისწინებით, მაგრამ შეიძლება საკმარისად გაერთიანებულნი იყვნენ ევროპული იდეის გარშემო, რათა მიიღონ ხმების 50% ან 60%. მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ. გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ. განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება რეფერენდუმი საქართველოს ევროპულ მომავალზე.