ზურაბიშვილი ხელისუფლების მხარდამჭერებს აკრიტიკებს

პრეზიდენტის მკაცრი რიტორიკა მმართველი პარტიის მხარდამჭერებზეც გავრცელდა.

სალომე ზურაბიშვილის მიერ სიტყვა „აგრესიულის“ გამოყენების დროს ხელისუფების გარდა ადრესატები „ქართული ოცნების“ მომხრეებიც გახდნენ. ის მოქალაქეები, რომელთა უმრავლესობამ ექვსი წლის წინ არჩევანი სწორედ ზურაბიშვილის სასარგებლოდ გააკეთა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვება უზრუნველყო. სახელმწიფოს მეთაური, რომელიც არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს, მოსალოდნელ სერიოზულ საფრთხეებზე მიუთითებს და ამ საფრთხის მიზეზად ხელისუფლებასთან ერთად მის მხარდამჭერებსაც ასახელებს. ვინ იგულისხმება მხარდამჭერებში, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი თუ სხვა – განმარტებების გაკეთება დღეს იმ პოლიტიკურ აქტორებს უწევთ, რომლებიც, არცთუ შორეულ წარსულში სალომე ზურაბიშვილის მწვავე კრიტიკის მიუხედავად, დღეს მმართველ გუნდთან დაპირისპირებულ პრეზიდენტს ყველა ნაბიჯს უწონებენ და პოლიტიკური პროცესების ლიდერად აცხადებენ.