ზურაბ ჯაფარიძის გეგმის დეტალებმა პოლიტიკურ სპექტრში მორიგი რეზონანსი გამოიწვია. უწყვეტი და მზარდი პროტესტი, დაუმორჩილებლობა, შენობების აღება, იქიდან ხალხის გაყრა – ეს იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც „გირჩი- მეტი თავისუფლების” ლიდერი ხელისუფლების შესაცვლელად სექტემბრიდან აანონსებს. გეგმის მთავარი მიზანი კი, რიგგარეშე არჩევნებია, რომლის მიღწევა ჯაფარიძეს მხოლოდ ქუჩის პროტესტითა და ძალით ესახება. თუ საპარლამენტო ოპოზიციის მიმართ გეგმის ავტორის ბოლოდროინდელ კრიტიკას და მწვავე განცხადებებს გავითვალისწინებთ, პარლამენტიდან საკუთარი ნებით წასულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მოკავშირეების მოძებნა, სავარაუდოდ, გაუჭირდება. მითუმეტეს, რომ ჯაფარიძის მიერ გახმოვანებული სამოქმედო სტრატეგია ხელისუფლების ოპონენტთა დიდმა ნაწილმა არც ამჯერად გაიზიარა. ოპოზიციის ნაწილი პარალიზებისა და საბოტაჟის გეგმას არასერიოზულად მიიჩნევს.