ზურაბ აბაშიძეს ორშაბათს პარლამენტში მოუსმენენ

პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ორშაბათს პარლამენტში მოუსმენენ. ზურაბ აბაშიძე დეპუტატებს 2011 წლის საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებასა და რუსეთთან ურთიერთობებში არსებულ  სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრება. პრაღის ფორმატთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნეგატიურ განწყობაზე აბაშიძე ამბობს, რომ კარასინთან შეხვედრების შეწყვეტით რუსეთი პოლიტიკას არ შეცვლის და ეს უფრო ნეგატიურად იმოქმედებს, ვიდრე დადებითად.

დიპლომატმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თემის ირგვლივ ხმაური უსაფუძვლოა. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი გრიგორი კარასინის განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მართალია, პრაღაში შეხვედრისას მუქარა არ გაჟღერებულა, თუმცა რუსეთის თავდაცვის მინისტრისა და ლავროვის მოადგილის მუქარისშემცველი განცხადებები ნატო-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით, მიუღებელი და საფრთხის შემცველია, რაც ყურადღებას საჭიროებს.