ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარე აირჩია. მომდევნო 4 წლის განმავლობაში თანამდებობა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიგა ფარულავამ ჩაიბარა. მას 25-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. სხდომას ესწრებოდნენ თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს. მმართველი გუნდის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის ალიანსი ზუგდიდშიც გრძელდება და მათ პოლიტიკურ გარიგებას კატეგორიულად ემიჯნებიან. სხდომის მიმდინარეობისას „ქართულმა ოცნებამ“ გახარიას პარტიას, „ნაციონალური მოძრაობის“ წარსული შეახსენა და მათ ამ პარტიის ფრთა უწოდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იმყოფებოდნენ ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია და ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები. ბაჩანა შენგელიამ მოუწოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დაეჭირათ მხარი გახარიას პარტიის წარმომადგენლისთვის. მისი თქმით, სწორედ გიორგი გახარიას ეკისრება ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა.