ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით, გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტს სავარაუდოდ არასწორი ინფორმაციები აქვს და ასევე, მის განცხადებას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებენ. განცხადება გააკეთა ალეკო ელისაშვილმაც. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ზელენსკის მოწოდება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ჰგავს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი დადებითად აფასებენ ზელენსკის გამოხმაურებას და აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ომში მყოფი ქვეყნისგან თანადგომა.
„ის, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არის შეურაცხყოფა, ეს არ შეეფერება საქართველოს და უნდა შეწყდეს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის, ევროპული ქვეყნის ან ამერიკის შეერთებული შტატების რომელიმე კლინიკაში.