პროგნოზი გამართლდა – უკრაინის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გადააყენა და ომში მყოფი ქვეყნის თავდაცის ძალები სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელ ალექსანდრ სირსკის გადააბარა.
საკადრო ცვლილების მიზეზად ფრონტის ხაზზე არსებული პოზიციები და დონბასში შექმნილი ვითარება სახელდება. ჯერ კიდევ თვეების წინ გაკეთებული განცხადებების და ზალუჟნის კრიტიკული გზავნილების ფონზე, სამხედრო მაღალჩინოსნის შეცვლა მოულოდნელი არ ყოფილა. უკრაინის პრეზიდენტი შეიარაღებული ძალების ახალ სტრატეგიას და ფრონტის საჭიროებებიდან გამომდინარე არმიაში სასწრაფო ცვლილებებს ითხოვს. საერთაშორისო მედიაში ყასაბად მოხსენიებულ სირსკის უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ჩატარებული არაერთი ოპერაცია უკავშირდება. უკრაინის არმიის ხელმძღვანელის ცვლილებას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. გადაყენებული მთავარსარდალი ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.