ყვარლის რაიონში ხანძარი უფრო მასშტაბური გახდა. მაშველები, სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და ადგილობრივები უწყვეტ რეჟიმში სტიქიასთან გამკლავებას ცდილობენ. საჰაერო ძალას დღის მეორე ნახევარში კიდევ ერთი ვერტმფრენი დაემატა. ცოტა ხნის წინ კი პროცესში უკვე მესამე საფრენი აპარატის ჩართვის გადაწყვეტილებაც მიიღეს.
ადგილი მიუდგომელია და მეხანძრეებს ძირითად კერებამდე მისვლა უჭირთ. ამიტომაც, ცოტა ხნის წინ ადგილზე მძიმე ტექნიკის მობილიზება მოხდა, რომლის საშუალებითაც, გზის გაყვანა, გასუფთავება მოხდება. მეტეოროლოგიური პირობები აქაც რთულია, კახეთში ძლიერი სიცხეა, რასაც ქარიც ერთვის თან. ამან კი ცეცხლის არეალის გავრცელებას შეუწყო ხელი. თუმცა მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძარი ახალსოფელიდან 5 კილომეტრის დაშორებით გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. უკვე გახსნილია საგანგებო შტაბიც, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიგეგმება.