„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე პროკურატურას მიმართავს, სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობა შეისწავლოს.

კაკაბაძე ლონდა თოლორაიას უმოქმედობაში და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს. ნანა კაკაბაძისთვის გაუგებარია, იმ ფონზე, როდესაც ლონდა თოლორაია აჯარიმებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლექსო ლაშქარავას პერსონალური მონაცემების დარღვევისთვის, იგივეს რატომ არ აკეთებს და არ აჯარიმებს იმ საინფორმაციო საშუალებებს, რომლებმაც გაასაჯაროვეს სუს-ის ცრუ ჩანაწერები, რომელშიც მათ შორის იყო ფაილი ნანა კაკაბაძეზე. ნანა კაკაბაძის თქმით, ლონდა თოლორაია ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას კადრია. ნანა კაკაბაძის ბრალდებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში წერილობით პასუხობენ.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მოქმედება და შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატი, არ ვრცელდება მონაცემთა მედიასაშუალებების მიერ დამუშავებაზე. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას რეაგირება მოახდინოს ასეთ ფაქტებზე“, – წერია განცხადებაში.