ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი ქალი, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება
32 წლის ქალბატონი, რომელიც ყოფილმა მეუღლემ დაჭრა, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. პირველი საავადმყოფოს ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა, თუმცა, შეიმჩნევა დადებითი დინამიკა.
ახალგაზრდა ქალს და მის მეგობარს, ყოფილმა მეუღლემ მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა და მიიმალა. სამართალდამცველებმა ის მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.