ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში წყალდიდობის გამო 100 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას, ბოლო მონაცემებით ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 10 დაკარგულად ითვლება. რეგიონის რამდენიმე დიდი მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა. სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა პროვინციის დედაქალაქი გუანჯოუ, ასევე ქალაქები შაოგუანი და ჰეიუანი. წვიმისა და წყალდიდობის გამო გუანჯოუს საერთაშორისო აეროპორტში გადაიდო და გაუქმდა ავიარეისები. სულ მცირე, სამ ქალაქში კი სკოლები დაიხურა. სტიქიის შედეგად დაზიანდა ან დაინგრა ათობით სახლი. ხელისუფლების ინფორმაციით, ეკონომიკური ზარალი დაახლოებით 20 მილიონი ევროა.