პოლიტიკური ურთიერთბრალდებების ფონზე არასამთავრობო სექტორი წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვებას განაგრძობს. დღეს კიდევ ერთი შუალედური ანგარიში გასაჯაროვდა. ავტორი „საერთაშორისო გამჭვირვალობაა“, რომელმაც პირველი ივლისიდან 20 ოქტომბრამდე წინასაარჩევნო დარღვევების არაერთი შემთხვევა დააფიქსირა. ამავე დასკვნაში არასამთავრობო ორგანიზაცია ნეგატიურ კონტექსტში განიხილავს საზღვრების გახმაურებულ საქმეზე ძიების დაწყებას და პანდემიის დროს მოსახლეობისთვის შეთავაზებულ სხვადასხვა სოციალურ პაკეტს. ავტორების რეკომენდაციაა, რომ დანაშაულის შემცველი საქმეები საგამოძიებო ორგანოებმა სწრაფად და მიუკერძოებლად გამოიძიონ. ორგანიზაცია ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ მასშტაბური სოციალური პროგრამების ინიცირებისგან თავშეკავებასაც ურჩევს.