წინასაარჩევნო გარემო, საარჩევნო დაპირებები და პრიორიტეტები – ამ საკითხებზე საპრეზიდენტო კანდიდატების ნაწილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ისაუბრეს. ერთ-ერთი საკითხი კი, რაზეც თავად კანდიდატებმა გაამახვილეს ყურადღება, სატელევიზიო დებატებია. გადაცემის ექვსივე სტუმარი მზად არის დებატებისთვის და მათ ისაუბრეს იმ კანდიდატებზეც, თუ ვის გაუწევდნენ ოპონირებას.
კონკრეტულად ვისთან გამართავდა დებატებს, არ დაუსახელებია პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი ანდრიაძეს, რადგან მისი თქმით, მედია არასათანადოდ აშუქებს საარჩევნო პროცესებს და მათ შორის, არ აშუქებს მის აქტივობებს, რის გამოც მან სტუდია დატოვა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მაგალითად, კახა კუკავა მზად არის, მიიღოს მონაწილეობა დებატებში, სადაც მისი ოპონენტები “ევროპული საქართველოს” კანდიდატი დავით ბაქრაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იქნებიან. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან დებატებში მონაწილეობისთვის მზად არის დავით უსუფაშვილიც. ნებისმიერ საპრეზიდენტო კანდიდატთან და მათ შორის სალომე ზურაბიშვილთან დებატებს მიესალმება პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე; ანალოგიურად ყველა კანდიდატთან სურს დებატები თემურ შაშიაშვილს; “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, “ევროპული საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გამოიწვია დებატებში გიორგი ლილუაშვილმა.
რაც შეეხება თავად სალომე ზურაბიშვილს, პრეზიდენტობის კანდიდატი იმ განცხადებას დაუბრუნდა, როდესაც მან დებატებში გამოიწვია მისი თქმით „შავი ძალის“ ორი სახე, თუ ვის გულისხმობდა ის ამ განცხადების დროს, პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ ამ პარტიებმა თავადვე ამოიცნეს საკუთარი თავი.
ამ განცხადებების პარალელურად, გადაცემის წამყვანმა პრეზიდენტობის კანდიდატს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ პირველი არხი მზად არის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ თანხმობის შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილს დრო დაუთმოს და დებატების გამართვა ტექნიკურად უზრუნველყოს.