თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ნაირა ბეპიევის „ოსური წიგნის ბიბლიოგრაფიის“ პრეზენტაცია გამართა. წიგნი მოიცავს როგორც მხოლოდ ოსურად დაწერილ მასალებს, ისე ორენოვან წიგნებსა და ნაშრომებს, აგრეთვე ქართულ და უცხოურ ენებზე დაწერილ ტექსტებს. წიგნში ოსი ხალხის ისტორიის, კულტურის, განათლების, ლიტერატურის, ენისა და სხვადასხვა სახის მასალებთან ერთად, შეტანილია ზოგიერთი ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალაც. ცნობისთვის, 1990 წლის შემდეგ, ცხინვალსა და სხვა ქალაქებში გამოცემული ოსი ავტორების წიგნები დღემდე მიუწვდომელი იყო. „ოსური წიგნს ბიბლიოგრაფიაში“ კი ცხინვალელი კოლეგების დახმარებით, აღნიშნული მასალებიცაა შეტანილი.