საქართველოს პირველი არხის ახალგაზრდული პროექტი „წიგნების თაროს“ შემოქმედებითი ჯგუფი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ახალი პროექტი, „წიგნების თარო მედია“ გააცნო. შემოქმედებითმა ჯგუფმა ასევე დეტალურად ახსნა მოსწავლეთა და სტუდენტთა რეგისტრაციის წესები. რეგისტრაცია ახალი სეზონისთვის უკვე მიმდინარეობს.
„წიგნების თარო მედია“ საგანმანათლებლო სოციალური პროექტია, რომელიც „წიგნების თაროს“ უნიკალურ ქართულ მობილურ აპლიკაციაზე ხორციელდება.
პროექტის მიზანია, საქართველოს მასშტაბით გამოავლინოს შემოქმედებითი ნიჭით გამორჩეული ახალგაზრდები, როგორც სტუდენტები, ისე მოსწავლეები და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას. პროექტის ფარგლებში, 2020 წლის იანვრიდან საქართველოს პირველ არხზე ექვსი ახალგაზრდა, ექვსთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის.