დღეს, პირველი არხის ეთერში საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტის, „წიგნების თაროს“ მერვე სასკოლო სეზონი იწყება, 29 თებერვალს კი მეოთხე სტუდენტური სეზონი აიღებს სტარტს.
32 სკოლა და 16 უმაღლესი სასწავლებელი სულ მალე ინტელექტუალურ მარათონში ჩაებმებიან, რომლის გამარჯვებულებსაც კემბრიჯის საზაფხულო სკოლა ელის. მე-8 სასკოლო სეზონში მაყურებელს კვლავაც ექნება შესაძლებლობა გამოავლინოს საკუთარი რჩეული, რომელიც ასევე კემბრიჯში გაემგზავრება. სულ, წელს კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში 15 ახალგაზრდა წავა.
სატელევიზიო სეზონის პარალელურად, „წიგნების თაროს“ გუნდი აგრძელებს საზოგადოებრივ აქტივობას და 28 თებერვალს მცხეთას ეწვევა.
„წიგნების თაროს“ ხილვას მაყურებელი ტრადიციულად პირველი არხის ეთერში, საღამოს 20:00 საათზე შეძლებს. ხუთშაბათსა და პარასკევს ეთერი კვლავაც სასკოლო სეზონს დაეთმობა, შაბათს კი – სტუდენტურს.