ოპოზიციურ პარტიებს მათი წევრები ტოვებენ. განცხადებები დღეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ რამდენიმე წევრმა გააკეთა. მიზეზად პარტიის ლიდერების მხრიდან კომუნიკაციის არარსებობას და კუთვნილი თანხის მიუღებლობას ასახელებენ. პარტიიდან წასულთა ნაწილი კი აცხადებს, რომ გიორგი გახარიამ მათ იმედი გაუცრუა, კერძოდ, მათი თქმით, მიუღებელია პარტიის საპარლამენტო სიაში გარკვეული პირების არსებობა და ასევე ცრუ დაპირებები, მაგალითად, თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მეტროს შესახებ, ვინაიდან სწორედ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს შეჩერდა ამ ორ ქალაქს შორის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა. პარტიულმა აქტივისტებმა დღეს, რუსთავში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ შტაბიც დატოვეს – „რუსთავში, მე ვტოვებ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს, რადგან მათი დაპირებები, კერძოდ, მათი ლიდერის, დავით კირკიტაძის დაპირებები, ამ ეტაპზე, მიმაჩნია არარეალურად”, – აცხადებს რუსთავის ორგანიზაციის ყოფილი წარმომადგენელი, პაპუნა პაპავა, რომელიც ახალი პლატფორმის შექმნას გეგმავს.