პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემაა ამერიკელი კონგრესმენების წერილობითი გზავნილებიც.
მმართველი გუნდი წერილებში აღმოჩენილ ფაქტობრივ უზუსტობებზე მიუთითებს და დარწმუნებულია, რომ ამერიკელი კანონმდებლების ნაწილს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე არასწორი ინფორმაცია აქვს მიწოდებული. „ქართული ოცნების“ ლიდერები თებერვლის დასაწყისში ვაშინგტონში გამგზავრებას გეგმავენ.
პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირების შეცვლა, ეკონომიკური დონის გაუარესება, ინვესტიციების კლება და ამერიკული ბიზნეს-ინტერესების შევიწროება, – პრემიერ გიორგი გახარიას სახელზე გამოგზავნილი წერილები და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებები თითქმის იდენტურ გზავნილებს და აქცენტებს მოიცავს. კონგრესმენები ანაკლიის პროექტთან ერთად ახსენებენ ამერიკულ ნავთობის კომპანია „ფრონტერასაც“, რომლის თანამშრომლებს, როგორც ირკვევა, ხელმძღვანელობასთან თავად აქვთ პრეტენზიები. წერილის ავტორ კონგრესმენებს დღეს თბილისიდანაც მიმართეს.