პოლიტიკური მღელვარების თემა ხდება მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო პირობებზე გამოქვეყნებული საერთაშორისო ანგარიში.
ხელისუფლება და ოპოზიცია დასკვნას სხვადასხვანაირად კითხულობენ. ანგარიშის ავტორი წამების პრევენციის ევროპული კომიტეტია, რომელმაც კლინიკა „ვივამედში“ მყოფი მსჯავრდებულების პირობები შეამოწმა. ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებული ნაწილი დადებით შეფასებებთან ერთად შენიშვნებსაც მოიცავს. სხვებთან შედარებით დიდი ფართობის და კარგად მოწყობილი ოთახი, სხვა პაციენტებისგან გასხვავებით, წვდომა ტელევიზიაზე, ბეჭდურ და ონლაინ-მედიაზე, ადეკვატური სამედიცინო მომსახურება – ასეთია სააკაშვილის პირობების აღწერილობა. თუმცა, კომიტეტი ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს. შენიშვნები ეხება გასეირნების უფლების არქონას, კომუნიკაციის შეზღუდვას, ინდივიდუალური სამკურნალო გეგმის არ არსებობას და კლინიკაში ფსიქიატრების მუდმივად არყოფნას. კომიტეტს ყოფილი პრეზიდენტის პალატის სათვალთვალო კამერებით მუდმივი მონიტორინგიც არ მოსწონს. ანგარიშის ავტორებისთვის უსაფრთხოების ზომები გადაჭარბებულია და დამთრგუნველ სიტუაციას ქმნის.
მონიტორინგის შედეგების წაკითხვის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერის გათავისუფლების მოთხოვნას ააქტიურებს. ხელისუფლებისთვის კი, ისევე როგორც ოპოზიციის ნაწილისთვის, დღეს გამოქვეყნებული ანგარიში ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სპეკულაციების დადასტურებაა.