კიდევ ერთი საკრებულო, რომელსაც გიორგი გახარიას გუნდი იბარებს.
ჩხოროწყუს შემდეგ წალენჯიხაშიც საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა. ყოფილი პრემიერის გუნდის წარმომადგენელმა სამი თანაგუნდელის ხმასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციის სრული მხარდაჭერაც მიიღო. წალენჯიხა და ჩხოროწყუა იმ შვიდ საკრებულოს შორისაა, სადაც თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უმრავლესობა ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოიპოვა. ამ საკრებულოებში განვითარებული პროცესები „ქართულ ოცნებას“ საბოლოოდ უმყარებს იმ პოზიციას, რომელსაც გახარიას გადადგომის შემდეგ ამტკიცებს. მმართველი გუნდი ექს-პრემიერის პარტიას და „ნაციონალური მოძრაობას“ ერთ კოალიციად აცხადებს და ორივე პოლიტიკურ ძალას რეგიონებში ხელოვნური კრიზისის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს.