საქართველოში 1993 წელს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლის მკვლელობაზე შეიძლება ხელახალი გამოძიება დაიწყოს. გენერალურ პროკურატურას განცხადებით მკვლელობისთვის გასამართლებულმა ანზორ შარმაიძემ მიმართა. ფრედი ვუდროფის მკვლელობაში მსჯავრდებული საქმის გადახედვას და დაზარალებულად ცნობას მოითხოვს. მკვლელობისთვის ის 1994 წელს გაასამართლეს. ანზორ შარმაიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მისმა ადვოკატმა კი განაცხადა, რომ შარმაიძე 15 წლის განმავლობაში სასჯელს უსაფუძვლოდ იხდიდა. ადვოკატი მის გამოკითხვას და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. პროკურატურის ინფორმაციით, უწყებაში შეტანილ განცხადებაზე იქნება სამართლებრივი რეაგირება.