აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლის, ფრედი ვუდროფის მკვლელობის საქმეზე ხელახალი გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე ედუარდ შევარდნაძის დაცვის ყოფილი უფროსი, ელდარ გოგოლაძე დაიბარეს. თბილისის შემოსასვლელთან მომხდარი მკვლელობის დროს, ელდარ გოგოლაძე ავტომობილში ვუდროფთან ერთად იმყოფებოდა. 1993 წელს მომხდარი მკვლელობის საქმეზე 15-წლიანი სასჯელი ანზორ შარმაიძემ მოიხადა, რომელიც გათავისუფლების შემდეგ აცხადებდა, რომ უდანაშაულოა და ხელახალ გამოძიებას ითხოვდა. სწორედ მისი მოთხოვნის საფუძველზეა დაწყებული ფრედი ვუდროფის მკვლელობის საქმეზე ხელახალი მოკვლევა, რის ფარგლებშიც გამოკითხვაზე ელდარ გოგოლაძეა დაბარებული.