ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს ესაუბრა

ვოლოდიმერ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა. პრეზიდენტებმა უსაფრთხოებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების საკითხები განიხილეს. ბაიდენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების, ასევე კერძო სექტორის ქმედებებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, რუსეთისთვის მძიმე საფასურის გადახდას ემსახურება. ის მიესალმა “ვიზასა” და “მასტერქარდის” მხრიდან რუსეთში საქმიანობის შეჩერებას. პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ზრდის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ დახმარებას უკრაინის მიმართ და მჭიდროდ თანამშრომლობს კონგრესთან დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის გამო და შეაქო იმ უკრაინელი ოპერატორების უნარები და გამბედაობა, რომლებმაც რეაქტორები უსაფრთხო მდგომარეობაში შეინახეს. ლიდერებმა ასევე განიხილეს რუსეთსა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებები.