„ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებზე უარის თქმის საპასუხოდ, რუსეთს სხვადასხვა ვარიანტები აქვს“ – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, ვარიანტების არჩევანი დამოკიდებული იქნება სამხედრო ექსპერტების რეკომენდაციებზე და მოსკოვი შეეცდება აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების პოზიტიურ შედეგებს მიაღწიოს. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვს სურს მიიღოს დიპლომატიური მოლაპარაკების შედეგები, რომელიც იურიდიულად იქნება გამყარებული იმ დოკუმენტების ფარგლებში, რაც მოსკოვმა დასავლეთს შესთავაზა. მოსკოვში აცხადებენ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოება რუსეთისთვის მიუღებელია.