ვლადიმერ პუტინის ინიციატივას ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ, თბილისში ეხმაურებიან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო დუმას შესაბამისი კანონპროექტი უკვე წარუდგინა. ხელშეკრულებას 2021 წლის 20 სექტემბერს მოეწერა ხელი და მასში აღნიშნულია, რომ ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ, საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ მეორე ქვეყნის მოქალაქეობა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ მარიონეტულ რეჟიმებს შორის დადებული ნებისმიერი შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია.