რუსეთის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას ურჩევს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს. ვლადიმერ პუტინის განცხადებას რუსული მედია ავრცელებს. ამ ცნობის მიხედვით, პუტინი ურჩევს ზელენსკის ადამიანის უფლებების აღდგენა მიხეილ სააკაშვილით დაიწყოს და მას მოქალაქეობა დაუბრუნოს. ამავე რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინი იხსენებს უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის განცხადებას, სადაც მან მზაობა გამოთქვა, რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭოს. როგორს პუტინი ამბობს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინას და რუსეთს ბევრი რამ აქვთ საერთო და მათ შეთანხმება შეუძლიათ. პუტინის განცხადებას უკვე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პუტინს ახლად გამომცხვარი ტროლი უწოდა. ოდესის ყოფილი გუბერნატორი პუტინს მის წინააღდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ უკრაინელები და სააკაშვილი ერთმანეთში თვითონ გაერკვევიან.