შიდა ვნებათაღელვა და გამწვავებული საერთაშორისო გზავნილები – ამერიკის ელჩის განცხადება და ოფიციალური თბილისის პასუხი დღის მთავარი თემა ხდება.
ოპოზიცია და მესამე სექტორი ხელისუფლებას მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის მიზანმიმართულად გაუარესებაში ადანაშაულებს. რობინ დანიგანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურებამ პოლიტიკურ სპექტრში მწვავე რეაქციები გამოიწვია. ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის შეთავაზებაზე უარს ქართული მხარე დათქმით ხსნის. ეს წინაპირობა ვიზიტამდე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის გაუქმებას გულისხმობდა. მმართველი გუნდისთვის დათქმებით საუბარი სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებასთან შეუსაბამოა. საგარეო უწყების პასუხი დასავლური კურსის შეცვლის დეკლარირებაა ხელისუფლების ოპონენტებისთვის. ამ კონტექსტში ფასდება რეზონანსული კანონპროექტის შესახებ ოფიციალური ვაშინგტონის მწვავე შეფასებებზე „ქართული ოცნების“ ლიდერების გზავნილებიც. როგორ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე აისახება არშემდგარი ვიზიტი და განცხადებები, რომლებიც მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის კრიტიკის გარდა გამაფრთხილებელ გზავნილებსაც მოიცავს – მოლოდინები არაერთგვაროვანია.