ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების ანგარიში

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ რიგით მეექვსე ანგარიშს, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ, მეორე დღეა, პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. დოკუმენტში, სადაც სხვა ქვეყნებთან ერთად, საუბარია საქართველოზეც, შეგახსენებთ, რომ ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ „საერთო ჯამში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები ევროკომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, თუმცა მეტი ძალისხმევაა საჭირო“. კერძოდ, ევროკომისია საქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს, მათ შორის – საუბარია იმაზე, რომ საქართველოს სავიზო პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროკავშირის მიდგომას იმ ქვეყნების მოქალაქეთა მიმართ, რომლებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ.

ასევე, საქართველო ჩაერთოს „კრიმინალური საფრთხეების საწინააღმდეგო ევროპული მულტიდისციპლინური პლატფორმის“ ოპერაციულ სამოქმედო გეგმაში და ასევე მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.