ვიზალიბერალიზაციის ხუთი წელი

ისტორიული თარიღი საქართველოსთვის.

ხუთი წლის წინ ამ დღეს ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 2017 წლის 28 მარტიდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნები გაიხსნა. საქართველო ვიზალიბერალიზაციის ხუთი წლისთავს აღნიშნავს. უვიზო რეჟიმის ამოქმედებით გაჩნდა უამრავი შესაძლებლობა და ხელშესახები შედეგი ყველა მიმართულებით, თუმცა პროცესს ახლავს გამოწვევებიც – პირველ რიგში კი, არალეგალური მიგრაციის მხრივ. ხუთი წლის წინანდელ გადაწყვეტილებას წინ უამრავი ეტაპის გავლა, ვალდებულება და რეფორმის გატარება უძღოდა. 2012 წელს დაწყებული დიალოგი 2013 წელს ევროკომისიისგან სამოქმედო გეგმის, ანუ საშინაო დავალების მიღებით გაგრძელდა, შემდეგ იყო ხანგრძლივი განხილვები, გეგმის შესრულების ანგარიშები, სირთულეები, გამოწვევები და საბოლოო გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ახალ ეტაპზე გადაიყვანა. წინ კიდევ ერთი მთავარი ეტაპია – წევრობის განაცხადის წარდგენის შემდეგ საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ითხოვს, რისთვისაც ახლა ევროკომისიისგან კითხვარის მიღებას ელოდება.