მიხეილ სააკაშვილთან უცხოელი ექიმების ვიზიტის შემდეგ, პირველი კომენტარი „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა გააკეთა. ზურა ჩხაიძის განცხადებით, გუშინდელი შეხვედრა ადრე ჩატარებული სხვა ნებისმიერი ვიზიტისგან განსხვავებით კოლეგიალური იყო. თავად უცხოელ ექიმებს მსჯავრდებულის მონახულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა როგორც ზურა ჩხაიძის განცხადებიდან ირკვევა, ისინი დაეთანხმნენ „ვივამედი“ს ექიმების მკურნალობის ტაქტიკას. ჩხაიძის განმარტებით, ექიმებმა დამატებით მოითხოვეს რამდენიმე კვლევის ჩატარება, რომელიც თავად მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგობის გამო არ იყო ამ დრომდე ჩატარებული. ჩხაიძის თქმით, მსჯავრდებულს წონის მცირედით მატება აქვს, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ საყურადღებო რჩება და ჯერჯერობით ციხეში გადაყვანის თაობაზე საუბარი არ არის.