ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო შეტაკებების დროს დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარდაცვლილია 164 ადამიანი, მათ შორის 103 პირი ალმათიში განვითარებულ მოვლენებს ემსხვერპლა, 21 – კიზი ლორდინსკის, 10 – ჟამბილის, 8 კი – ალმათის ოლქში დაიღუპა. თუმცა უწყებას არ დაუკონკრეტებია ამ 164 ადამიანში აღრიცხულია თუ არა ძალოვანი უწყების მხრიდან არსებული დანაკარგები. ალმათიში სამართალდამცველებმა გასული ღამის განმავლობაში კიდევ 100-მდე ადამიანი დააკავეს. ქვეყნის მასშტაბით, არეულობისა და შეტაკებების შედეგად სულ 6000-მდე ადამიანია დაპატიმრებული. მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. ასევე უწყების ცნობით, დამწვარი ან დაზიანებულია 400-ზე მეტი ავტომობილი, მოროდიორებმა დაარბიეს 100-ზე მეტი მსხვილი სავაჭრო ობიექტი და ბანკი. წინასწარი მონაცემებით, მიყენებული ზარალის ოდენობა 212 მილიონ დოლარს აღემატება. ყაზახი სამართალდამცველები ქუჩებში პატრულირებასა და ეჭვმიტანილთა ძიებას განაგრძობენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქის ცალკეულ რაიონებში პერიოდულად სროლის ხმა ისმის. მოქალაქეები პურის, სურსათისა და საწვავისთვის გრძელ რიგებში დგანან.