აზერბაიჯანმა ყარაბაღის რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაცია შეაჩერა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყარაბაღის რეგიონში განლაგებული არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებები დებენ იარაღს, ტოვებენ საბრძოლო პოზიციებს, სამხედრო პუნქტებს და მთლიანად ახდენენ განიარაღებას. აზერბაიჯანის არმიის კონტროლის ქვეშ მოექცა სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების 90-ზე მეტი საბრძოლო პოზიცია. ბაქოში აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნული პროცესების განხორციელება უზრუნველყოფილია რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტთან კოორდინაციით. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევლახში გაიმართება შეხვედრა ყარაბაღის სომეხი მცხოვრებლების წარმომადგენლებთან. განცხადება გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც თქვა, რომ სომხეთი არ მონაწილეობდა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის განხილვაში.
ერევანში კი, მთავრობის შენობასთან ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები. საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. სომხური მედიის ცნობით, დემონსტრანტების ჯგუფმა ერევნის ცენტრში გამზირი გადაკეტა. ოპოზიციური ბლოკის „დედა-სომხეთის“ ლიდერი, ანდრანიკ ტევანიანი მოქალაქეებს საყოველთაო გაფიცვისკენ და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს, რის შემდეგაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აქციაზე 34 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 16 პოლიციელი.
რეზი ქოიავა – პირველი არხის ანალიტიკოსი