ქართველი მაშველები თურქეთში სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მუშაობას აგრძელებენ

ქართველი მაშველები თურქეთში სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მუშაობას აგრძელებენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი რამდენიმე ადამიანი უკვე გადაარჩინეს. მათ შორის ნანგრევებში მოყოლილი ერთი მოქალაქე მაშველმა ძაღლმა აღმოაჩინა. ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ახორციელებს.

შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლის მთავარი ამოცანაა ნანგრევებში მოყოლილი ცოცხალი მოქალაქეების შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე სწრაფი რეაგირება. ადგილზე მოქმედებს საველე შტაბიც, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთან მუდმივ კოორდინაციაშია. თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ქართული სამაშველო ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იმყოფება.