მეხუთე დღე მიწისძვრიდან - ვითარება თურქეთსა და სირიაში

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 24 ათასამდე გაიზარდა. „როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთში სტიქიას 20 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას 3500 ადამიანი შეეწირა.

ორივე ქვეყანაში სტიქიის ზონაში სამშველო ჯგიფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ღამით სამძებრო სამუშაოებს ყინვა ართულებს. გაერო-ს მონაცემებით, ორივე ქვეყანაში 870 000 ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

შეგახსენებთ, პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 04:00 საათზე მოხდა. მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, რამდენიმე საათში, დღის 14:00 საათისთვის მოხდა.