შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. რაჭაში მომხდარი სტიქიის დროს გაუჩინარებულ ორ არასრულწლოვანს სტიქიის ეპიცენტრიდან 120 კილომეტრის რადიუსშიც ეძებენ. ამ მიზნით, უკვე 28-ე დღეა თავდაცვის ძალები და მაშველები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ძებნის არეალი შოვიდან გუმათ-ჰესამდე ტერიტორიას მოიცავს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ნაპოვნია ადამიანის სხეულის კიდევ ერთი ნაწილი, თუმცა ვის ეკუთვნის ის, ამას რამდენიმე დღეში დნმ კვლევა დაადგენს. გუშინ ცნობილი გახდა იმ ორი დაღუპულის ვინაობა, რომელიც 6 დღის წინ აღმოაჩინეს – ერთი ზრდასრული მამაკაცი, მეორე კი – არასრულწლოვანია. 3 აგვისტოს შემდეგ, ჯამში, ნაპოვნია 31 დაღუპული, ყველა იდენტიფიცირებულია. ძებნის ღონისძიებებში მონაწილეობისას გულის შეტევით გარდაცვლილია ორი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი და თავდაცვის სამინისტროს ერთი თანამშრომელი.