„ერევანსა და ბაქოს შორის შეთანხმების ხელმოწერის ალბათობა დაბალია“ – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი უარს არ ამბობს 14 მაისს ბრიუსელში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე. მანამდე, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვარზე ესკალაციის შესახებ განაცხადეს, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი – ინფორმაცია „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილის 6 საათიდან, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ნაღმმტყორცნებიდან სროლა სოფელ სოტკის მიმართულებით მდებარე სომხური პოზიციების მიმართ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივან არამ ტოროსიანის განაცხადებით, დაიჭრა სამი ადამიანი. მისივე თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სასწრაფო დახმარების მიმართულებითაც გახსნეს ცეცხლი, რომელშიც დაჭრილი ჯარისკაცი იმყოფებოდა. თავის მხრივ, აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერევანი დაადანაშაულა. „დღეს დილიდან სომხეთის შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო ამძიმებენ ვითარებას. ნაღმმტყორცნებიდან ესვრიან აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, აზერბაიჯანიც თავის მხრივ იღებს საპასუხო ზომებს“- ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.