საოკუპაციო ხაზის მორიგი უკანონო ქმედება – ფაქტს ადასტურებენ სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურში. სუს-ის ინფორმაციით, შემთხვევა 22 აგვისტოს მოხდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მავთულხლართს მიღმა უკანონოდ დაამონტაჟეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი.
ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ყველა შემთხვევა განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.