საკარანტინე სივრცეებში მოთავსებული მოქალაქეების რაოდენობა ამ მომენტისთვის 314-ს შეადგენს. მათგან საჩხერის საკარანტინო სივრცეში 41 პირი რჩება და არც ერთს საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნება. აბასთუმანშია 17 ადამიანი, 49 მოქალაქეა გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში. მათგან 35 საქართველოს მოქალაქეა, 4 უცხო ქვეყნის, ხოლო 10 – სამხედრო მოსამსახურე. წყალტუბოში სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 84 მოქალაქეა მოთავსებული. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის თქმით, გუშინ სხეულის ტემპერატურის მომატების გამო ოთხი პირი გადაიყვანეს კლინიკაში და მათ უტარდებათ შესაბამისი შემოწმება. ასევე გუშინ სანატორიუმში თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო სამი პირი შეიყვანეს. რაც შეეხებათ სხვა მოქალაქეებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბათუმის აეროპორტიდან კი კარანტინში ერთი პირი გადაიყვანეს. პარიზი-თბილისის თვითმფრინავის რეისის მგზავრები კი საკარანტინო ვადის გასვლამდე თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასტუმროში განათავსეს. მგზავრთა ჯანმრთელობის მონიტორინგს მათთან მყოფი ექიმები ახორციელებენ. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ინფორმაციით ამ ეტაპზე არც ერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. საკარანტინო სივრცეა მოწყობილი რუსთავშიც, სადაც სასტუმრო „რუსთავი“ საკარანტინო ზონად გამოცხადდა, სადაც იტალიიდან დაბრუნებული მოქალაქეები გადაიყვანეს.