სიტუაცია პარლამენტთან გამთენიისას დაიძაბა.
დილის ხუთ საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან სპეცრაზმი გამოჩნდა. სამართალდამცავებმა აქციის ორგანიზატორებს, ოპოზიციონერ ლიდერებს და მათ მხარდამჭერებს პარლამენტის შესასვლელების გასათავისუფლებლად ნახევარი საათი მისცეს. ვადის გასვლის შემდეგ პოლიციამ მითითებული ტერიტორიების გათავისუფლება დაიწყო, რა დროსაც ადგილზე შეკრებილთა მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავდა სამი ადამიანი, არიან დაკავებულები. საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან, რომლებიც დღევანდელი პლენარული სხდომის ჩაშლის მიზნით მთელი ღამის განმავლობაში პიკეტირებული იყო, დილიდან სამართალდამცავები განლაგდნენ. პარლამენტში მისული მმართველი გუნდის დეპუტატები შენობაში პოლიციის გაძლიერებული კონტროლის პირობებში შევიდნენ.