ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, შესაძლოა, 2025 წლის 15 ან 16 თებერვალს გაიმართოს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებით, ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ე.წ. არჩევნები სამი თვის ვადაში უნდა ჩატარდეს.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს და ე.წ. ოპოზიციას შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც აფხაზეთში ბინების მშენებლობას ითვალისწინებს. ე.წ. პარლამენტს დოკუმენტის რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა, პროტესტის გამო, გადაიდო.

შეთანხმების მოწინააღმდეგეებმა სოხუმში მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსი დაიკავეს და სეპარატისტების ლიდერის გადადგომა მოითხოვეს. მოლაპარაკების შედეგად, ასლან ბჟანიამ თანამდებობა დატოვა, შეთანხმების მოწინააღმდეგეები კი ე.წ. სამთავრობო კომპლექსიდან გავიდნენ.