ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ ასლან ბჟანიამ ტამიშში შეკრებილ მხარდამჭერებს თავად განუცხადა. ამასთან, ბჟანიამ განაცხადა, რომ მზადაა, ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს.
„ამბობენ, რომ წავედი აფხაზეთიდან, მაგრამ მე აფხაზეთში ვარ. ჩვენ შევიკრიბეთ არა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩემი ძალაუფლება, არამედ იმისთვის რომ შევინარჩუნოთ სახელმწიფო. ისინი, ვინც იმყოფებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან უნდა დატოვონ იქაურობა, რის შემდეგაც გამოვაცხადებ არჩევნებს და დავტოვებ თანამდებობას“, – თქვა ბჟანიამ.
მხარდამჭერებს მან მანამდეც მიმართა, თუმცა თქვა, რომ გადადგომას არ აპირებდა. რის შემდეგაც ე.წ. ოპოზიცია ულტიმატუმით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, მას ერთი საათის განმავლობაში უნდა წარედგინა გადადგომის შესახებ განცხადება, თუმცა ბჟანია არ გადადგა.
ე.წ. ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა ამტკიცებს, რომ ბჟანია რუსეთს გადასცემს დეზინფორმაციას, თითქოს მომიტინგეები რუსეთის სასაზღვრო პუნქტებზე თავდასხმას გეგმავენ. მანამდე, ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები „რუსული ინვესტიციების შეღავათიანი პირობების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტს აპროტესტებენ.