ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მშობლიურ სოფელ ტამიშში იმყოფება. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს. მანამდე ბჟანიამ მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს. რის შემდეგაც ე.წ. ოპოზიცია ულტიმატუმით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, მას ერთი საათის განმავლობაში უნდა წარედგინა გადადგომის შესახებ განცხადება, თუმცა ბჟანია არ გადადგა. ე.წ. ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა ამტკიცებს, რომ ბჟანია რუსეთს გადასცემს დეზინფორმაციას, თითქოს მომიტინგეები რუსეთის სასაზღვრო პუნქტებზე თავდასხმას გეგმავენ.

მანამდე, ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. შენობაში შეჭრამდე სროლა იყო. როგორც მედია წერს, მომხდარის შედეგად 15 ადამიანია დაშავებული. ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები „რუსული ინვესტიციების შეღავათიანი პირობების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტს აპროტესტებენ.