ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

მასობრივი ვნებათაღელვა და არეულობა ოკუპირებულ აფხაზეთში.

მწვავე პროტესტმა არაღიარებულ პარლამენტში სადავო ინიციატივის კენჭისყრა ჩაშალა. დე-ფაქტო პარლამენტის შენობაში შეჭრის შემდეგ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მოხდა რამდენიმე შეტაკება. კენჭისყრის გადადება საკმარისი არ აღმოჩნდა. აქციის მონაწილეები უკვე არაღიარებული პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მწვავე პროტესტის ფონზე ვითარების დასტაბილურების მიზნით უკან გასაწვევად მზადდება სადავო ე.წ. კანონ-პროექტი, რომელიც რუსული საინვესტიციო პროექტებისთვის შეღავათიანი პირობების შექმნას და გარკვეული გადასახადებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. დღევანდელი სხდომის გადადების მიუხედავად, საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. დე-ფაქტო პარლამენტში ინიცირებულ პროექტს ე.წ. ოპოზიციასთან ერთად საკუთარი ეკონომიკის და ბუნებრივი რესურსების დაცვის არგუმენტით საზოგადოების ნაწილიც ეწინააღმდეგება. აქციის მონაწილეების მწვავე კრიტიკის სამიზნე თვითაღიარებული პრეზიდენტი ასლან ბჟანიაა, რომელიც ახლა დაძაბულობის განმუხტვას კომპრომისული ნაბიჯებით და მოლაპარაკებებით ცდილობს.