ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ.
მანამდე აქციის მონაწილეებმა კომპრომისზე წასვლაზე უარი განაცხადეს და დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს, რისთვისაც ე.წ. ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად 20 წუთი მისცეს. „ტელეგრამის“ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. პრეზიდენტი ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტის გატანის შესახებ. ეს ე.წ. შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ინვესტორი რვა წლით თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, ასევე კორპორატიული ქონების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადისგან. დამატებითი ღირებულების გადასახადი კი ინვესტორისთვის იქნება მხოლოდ 5%. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტის დელეგაცია, ე.წ. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ერთად, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაბრუნდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი ქმედება რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ მიმართული არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტის შენობაში შეჭრამდე შენობასთან იყო სროლა. „ტელეგრამის“ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტის შენობასთან დილიდან განვითარებული მოვლენების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.