სახალხო დამცველის კიდევ ერთი რეზონანსული განცხადება ნინოწმინდის პანსიონის შესახებ.
ომბუდსმენი ამბობს, რომ დაწესებულებიდან გაყვანილ და ადგილზე დარჩენილ არასრულწლოვნებზე ზეწოლა ხდება, რათა მათ შესაძლო ძალადობის ფაქტებზე გამომძიებლებს ჩვენებები არ მისცენ. ამ მომენტისთვის პანსიონში 28 ბავშვი რჩება, რომლებთანაც უკვე რამდენიმე დღეა ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და საპატრიარქოს შესაბამისი კომისიის წევრები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ორი საერთაშორისო ორგანიზაციის, „ვორლდ ვიჟენის“ და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ქართული ოფისის წარმომადგენლობებიც, რომლებიც პანსიონში მყოფ ბავშვებზე ზრუნვის ალტერნატიული მექანიზმების მოძებნის აუცილებლობაზე საუბრობენ.
თავის მხრივ საპატრიარქოს იურისტი ამტკიცებს, რომ პანსიონში დარჩენილ ბავშვებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ.