ვითარება ნინოწმინდის პანსიონში 

ნინოწმინდის ბავშვთა სახლი დღეს კიდევ სამმა არასრულწლოვანმა დატოვა.

ამ მომენტისთვის დაწესებულებაში 24 აღსაზრდელი რჩება, რომლებსაც ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები აკვირდებიან. შესაძლო ძალადობის ფაქტებზე გამოძიების პარალელურად, პანსიონის მომავალზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. პროცესი ნინოწმინდიდან თბილისში ინაცვლებს. ადგილზე მონიტორინგის ჩატარების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორი, ბავშვებზე ზრუნვის ალტერნატიული მექანიზმების აუცილებლობაზე საუბრობენ. იგულისხმება მცირე საოჯახო ტიპის სახლები, რასაც ჯანდაცვის სამინისტროშიც იზიარებენ.