ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებების მორიგი სერიის შედეგად დაიღუპა 20 და დაშავდა 450 ადამიანი. როგორც სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ბეირუთსა და ლიბანის სამხრეთ ნაწილში აფეთქდა გადამცემები, რომლებსაც ლიბანური შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლას“ წევრები იყენებენ. მედიასაშუალება წერს, რომ გადამცემები „ჰეზბოლამ“ დაახლოებით ხუთი თვის წინ შეიძინა, დაახლოებით იმავე პერიოდში, როდესაც პეიჯერები იყიდა. მანამდე, ლიბანში პეიჯერების კოორდინირებული აფეთქებების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 2 800-მდე კი დაშავდა. ლიბანში საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქების სერიასთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირის ბოლომდე გაერო-ს უშიშროების საბჭო შეიკრიბება. ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ბოლო დღეებში მომხდარი თავდასხმები, შესაძლოა, „ომის დასაწყისის“ მაუწყებელი იყოს.