საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებული ვითარება პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემაა.
ოპოზიციის ნაწილი საზღვრის სასწრაფოდ ჩაკეტვას მოითხოვს. ყველაზე რადიკალური ამ მხრივ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერია, რომელიც ხელისუფლებას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს, სხვა შემთხვევაში თავად აანონსებს გარკვეულ აქტივობებს. ჩაკეტვას არა, თუმცა საზღვარზე შეზღუდვების დაწესების და რუსეთიდან შემომსვლელი მოქალაქეების ნაწილისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედების მომხრეა ოპოზიციური სპექტრის მეორე ნაწილი. თუმცა, საზღვრის დაკეტვას რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ფაქტორიდან გამომდინარე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მმართველი პარტიის თავმჯდომარე. დღეს გასაჯაროებული 10-დღიანი სტატისტიკის მიხედვით, რუსეთიდან შემომსვლელთა რაოდენობამ განსაკუთრებით ბოლო სამ დღეში მოიმატა და წინა დღეებთან შედარებით თითქმის გაორმაგდა.