ისრაელისკენაა მიპყრობილი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება. ქვეყნის პრემიერს ინტენსიური კონტაქტი აქვს ამერიკის პრეზიდენტთან, როგორც მედია ამბობს, შეერთებული შტატები ისრაელს თავდაცვისთვის საჭირო ყველა შესაძლებლობას ჰპირდება.დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის ლიდერებმა კი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ცალსახად დაგმეს „ჰამასი“. განცხადება გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ ანკარა მზადაა შუამავლის როლი შეასრულოს.
„ჰამასს“ თავდასხმების შეწყვეტისკენ და მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა. ევროკავშირის ყველა ქვეყანა არ არის თანახმა, პალესტინელების დახმარება შეჩერდეს. როგორც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ევროკომისია არ შეაჩერებს მიმდინარე დაფინანსებას, რადგან ეს დააზიანებს ევროკავშირის ინტერესებს რეგიონში და უფრო მეტად გაათამამებს ტერორისტებს. ეს განმარტება ბორელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მას შემდეგ გაავრცელა, რაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი 691 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას დროებით აჩერებს. როგორც გავლენიანი გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ევროკომისიაში პალესტინის დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით, უთანხმოება არსებობს. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ღაზის სექტორში 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ისინიც არიან „ჰამასის“ მძევლები“. პალესტინელებისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების წინააღმდეგ გამოვიდა ესპანეთი და ირლანდიაც.